კლას–კომპლექტში სწავლების თავისებურებანი

ნაშრომი ეხება მცირე კონტინგენტიანი სკოლების ერთ–ერთი უმთავრეს პრობლემას –კლას–კომპლექტებს. განხილულია მათი სპეციფიკა და სწავლების თავისებურებანი. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ამგვარი კლასის მართვის, ორგანიზებისა თუ მეთოდების შერჩევის უნივერსალური ფორმა და ის ყოველთვის ცვალებადია კონკრეტული კლასის სტრუქტურიდან გამომდინარე. ბუნებრივია, რომ მთავარია ზრუნვა სწავლების ხარისხზე, რაც შესაძლებელია სწავლების მეთოდებისა და კლასის ორგანიზების ფორმების სწორი შერჩევით.

ეროვნულ სასწავლო გეგმის თანახმად, მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას–კომპლექტების შექმნა. კლას–კომპლექტის თავისებურება გახლავთ ის, რომ ერთ კლასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. განათლების მსოფლიო პრაქტიკაში კლას–კომპლექტების შექმნას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
 • პედაგოგიური შეხედულებები–როდესაც სწავლებისას აქცენტი გაკეთებულია არა კლასზე, არამედ განსხვავებული უნარებიდან გამომდინარე გარკვეული პროგრამის დაძლევაზე; 
• კონკრეტული რეგიონის დემოგრაფიული სპეციფიკა–როდესაც სკოლა მცირე კონტინგენტიანია და ყოველი ასაკობრივი ჯგუფისათვის ცალკე კლასი არ იქმნება. საქართველოში კლას–კომპლექტები ძირითადადმეორე მიზეზით იქმნებაიმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა. ესგ–ს თანახმად კლას–კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15–ს. თუმცა სულ ახლახანს გაჟღერდა სასიხარულო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს რიცხვი 10–მდე შემცირდება. 

კვლევებმა დაადასტურა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ კლას–კომპლექტებში, უკეთ აქვთ განვითარებული ენობრივი კომპეტენციები, კითხვისა და სოციალური უნარები. კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა კი მეტად იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. განსხვავებული ასაკის ბავშვების ერთ კლასში ყოფნა იწვევს დამოუკიდებლად მუშაობისა და სხვისი დახმარების უნარების განვითარებას. აქ არ ხდება ტემპიდან ჩამორჩენა, რადგან თუ რომელიმე მოსწავლე ვერ ძლევს თავისი ასაკობრივი ჯგუფის მასალას, მას ეძლევა საშუალება გაიაროს ეს მასალა პატარების ჯგუფთან ერთად. ძირითადად კლას–კომპლექტებში გაერთიანებულია 2 ასაკობრივი ჯგუფი. მასწავლებლისთვის საკმაო სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მას უწევს ყურადღების განაწილება 2 კლასს შორის. ამასთან თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მოსწავლეთა არათანაბარი რაოდენობაა.

პედაგოგს უხდება: 
• ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით ცხრილის შედგენა; 
• ორივე ასაკობრივი ჯგუფისა და საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით გაკვეთილის გეგმების შედგენა; 
• ეფექტური მეთოდების შედგენა; 
• კლასზე მორგებული ორგანიზების ფორმების შემუშავება; 
• სწორი ფასილიტაცია არსებულ ჯგუფებს შორის; 
• მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.

კლას–კომპლექტში მოსწავლე: 
• ცდილობს მოახდინოს კონცენტრაცია საკუთარ დავალებაზე; 
• მუშაობს დამოუკიდებლად; 
• იოლად ცვლის აქტივობის ტიპს; 
• ეხმარება უმცროსებს. 

კლას–კომპლექტის ყველაზე გავრცელებული კომბინაციებია: 
• ერთად I და III,  IIდა IV
• I დაII, III და IV 
• I და IV, II და III 

ყოველ კომბინაციას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი კომბინაცია:მესამე კლასს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა, მაშინ როდესაც პირველ კლასს პედაგოგისგან მეტი ყურადღება სჭირდება. მეორე კომბინაცია: ერთწლიანი სხვაობით ბავშვებს მეტი საერთო აქვთ, საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებიც შედარებით მსგავსია და იოლია ერთ თემაზე გაკვეთილის ჩატარება. მესამე კომბინაციაწინა ორი ვარიანტის კომბინაციას წარმოადგენს. საგაკვეთილო პროცესის ორგანიზება კლას–კომპლექტების დროს ადგილი აქვს დამოუკიდებელ მუშაობას, წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობას, პედაგოგთან ერთად მუშაობას. 

მასწავლებლის უშუალო მონაწილეობით ადგილი აქვს შემდეგ აქტივობებს: 
• ახალი მასალის ახსნა;ინსტრუქციების მიცემა; 
• მასალის განმტკიცება; 
• შეფასება; 
• სასწავლო პროცესის კონტროლი და კორექცია; 
• კოგნიტური (დასწავლის) სტრატეგიების სწავლება. 

წარმოგიდგენთ გაკვეთილის სტრუქტურას ორი ასაკობრივი ჯგუფისგან შემდგარ კლასში:

ხანგრძლივობა (წთ)
                მე-2 კლასი
მე-3 კლასი
2-3
მუშაობის ორგანიზება
მუშაობის ორგანიზება
15-18
ახსნა, მასალის პირველადი განმტკიცება მასწავლებლის ხელმძღვანელობით
დამოუკიდებელი მუშაობა
15-18
დამოუკიდებელი მუშაობა
ახსნა, მასალის პირველადი განმტკიცება მასწავლებლის ხელმძღვანელობით
3-5
შეჯამება, საშინაო დავალებების მიცემა
შეჯამება, საშინაო დავალებების მიცემა

კლას–კომპლექტებში დიდი ადგილი უკავია დამოუკიდებლად მუშაობას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ცოდნის შემოწმების, ახალი მასალისთვის მომზადების ან მისი განმტკიცების მიზნით. დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალება შეიძლება იყოს წერითი ან ზეპირი. მაგრამ ზეპირი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ცალკე სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა, მასალის გამეორება ან ლექსისი სწავლა.ყველა ტიპის დამოუკიდებლად მუშაობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტრუქციებს, სქემებს, თვალსაჩინოებებს, რაც შეიძლება ყველას ჰქონდეს ინდივიდუალურად ან დაწერილი იყოს დაფაზე. დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებასთან ერთად უნდა მოხდეს ინსტრუქციების ნელ–ნელა შემცირება. დამოუკიდებელი მუშაობის გარდა, კლას–კომპლექტში მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც შეიძლება ხორციელდებოდეს შემდეგი ფორმით : მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ურთიერთსწავლებით.
 ჯგუფური მუშაობა კი შემდეგი სცენარით მიმდინარეობს: 
• მთელი კლასის წინაშე ისმება საერთო პრობლემა; 
• შემდეგ ეძლევათ საერთო ინსტრუქცია; 
• ხდება კლასის მცირე ჯგუფებად დაყოფა; 
• თითოეულ ჯგუფთან ხდება დავალების დაკონკრეტება ან მასალის დარიგება; 
• სამუშაოს შეჯამება ჯგუფებს შორის;
• სამუშაოს პრეზენტაცია. 

პედაგოგს დიდი დრო ეხარჯება გაკვეთილის დაგეგმვასა და მასალების მობილიზებაზე, თუმცა სწავლების სპეციფიკა კლასსა და კლას–კომპლექტში მსგავსია იმ კუთხით, რომ აქცენტი კეთდება მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებაზე. 

დიდი მნიშვნელობა აქვს კლასის ორგანიზების ფორმას. ბავშვებმა უნდა შეძლონ როგორც დამოუკიდებელი, ასევე წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობა. ამიტომ გარემო უნდა იძლეოდეს ტრანსფორმაციის საშუალებას. კარგი იქნება ზონების შექმნა, მაგ.: მათემატიკის, ან წიგნიერების. კლას–კომპლექტებისას მნიშვნელოვანია შემდეგი სტანდარტები:

განსხვავებული უნარები
მნიშვნელოვანია განსხვავებული ტიპის დავალებების შეთავაზება, რათა მოხდეს განსხვავებულიუნარების განვითარება(ადამიანები ერთმანეთისგან მხოლოდ ასაკით არ განსხვავდებიან )
მასწავლებლის როლი
მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში, ეხმარება მოსწავლეებს პრობლემების გადაწყვეტაში
მოსწავლის როლი
მონაწილეობა, კვლევა, ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა, ურთიერთდახმარება
დავალებები
განსხვავებული დავალებები, მუშაობის განსხვავებული ფორმებისათვის: ინდივიდუალური, წყვილებსა და მცირე ჯგუფებში
შეფასება
ინდივიდუალური შეფასება
ფაქტორები, რომლებიც სწავლაზე გავლენას ახდენს.
მოტივაციის და თვითშეფასებისამაღლება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ეძლევა სხვადასხვა უნარების განვითარებისსაშუალება.

კლას–კომპლექტების მნიშვნელოვანი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ დამოუკიდებლად მუშაობის, მეტაკოგნიტური და კოგნიტური უნარების განვითარების გარდა, მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი სოციალური უნარები, რომლებიც ეხმარებათ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ინტეგრაციაში.ამ ტიპის კლასის მთავარი უპირატესობა არის მისი აღმზრდელობითი თავისებურება: დახმარების აღმოჩენის,თანაგრძნობისა და თანადგომის, ასაკობრივი თავისებურებების საფუძველზე დაფუძნებული კომუნიკაციის და სხვა ეთიკური უნარების ფორმირება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თვითშეფასების გაუმჯობესებისა და, მთლიანად, პიროვნული ჩამოყალიბებისათვის.

ავტორი: 
სსიპ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი - ნათია კურტანიზე

Comments

Popular posts from this blog

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში