ისევ მოლოდინი...
მოლოდინი, რომ კვლავ გავერთიანდებით, ერთმანეთს შევხვდებით და გავუზიარებთ ერთი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას; მოვუყვებით ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგროვილ შთაბეჭდილებებს; სხვა კუთხით დავანახვებთ ერთმანეთს საქართველოს მხარეებს, მოსახლეობის თავისებურებებს, ვისაუბრებთ უამრავ იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დგას რეგიონები და განსაკუთრებით მაღალმთიანი ზონები.
პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" ამის საუკეთესო საშუალებაა!
ჩვენ ყველგან ვართ! ყველა კუთხესა და წერტილში, უამრავ ყოფით პრობლემას შეჭიდულები ვცდილობთ მაქსიმალური გავცეთ იმ მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე, რომლებიც დედაქალაქიდან და რაიონული ცენტრებიდან მოშორებით, სულ სხვა - მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ და მაინც, ცდილობენ გაუმაგრონ ჩვენს ქვეყანას არსებობისათვის საჭირო ფესვები! პედაგოგები, რომელთაც ათეული წლების სამუშაო გამოცდილება აქვთ და ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ ათობით კილომეტრის გავლა, რომ სკოლამდე მიაღწიონ და აღზარდონ განათლებული მომავალი თაობა!
პროგრამა ,,ასწავლე საქართველოს" მონაწილე მასწავლებლები საკუთარ თავზე განვიცდით იმ სიდუხჭირესა და მძიმე სოციალურ თუ ეკონომიკურ პირობებს, რის წინაშეც დგას ძალიან ბევრი რეგიონი და საკუთარი თვალით ვუყურებთ ადგილობრივი პედაგოგების თავდაუღალავ შრომას! შრომას, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუფასებელია, მაგრამ უკიდეგანო - თავისი არსით!
პირადად მე, ვხედავ თუ როგორ გადიან ათობით კილომეტრს ჩემი სკოლის მასწავლებლები ფეხით ზამთარსა და ზაფხულში, რომ სკოლამდე მიაღწიონ და მთის ერთ პატარა სოფლის სკოლას არსებობის საშუალება მისცენ, ხოლო ადგილობრივი ბავშვებისათვის კი სწავლა-განათლება ხელმისაწვდომი გახადონ!
უკვე მეოთხე წელია, რაც ,,ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამის დიდი ოჯახის წევრი ვარ და ეს მე მეამაყება! მეამაყება, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და რითაც, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილებიც იამაყებენ!
ეს, დაუფასებელი შრომაა!
ეს პროგრამა კი შეუფასებელია თავისი არსით!
წელიწადში ერთხელ, რამდენიმე დღით საშუალება გვაქვს პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები, რომლებიც განათლების ელჩებივით მივლენილები ვართ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, ერთმანეთს შევხვდეთ და და გარდა ურთიერთ აზრების და გამოცდილებების გაცვლისა, ყველა ის სიახლე გავიაროთ პირველებმა, რომელსაც განათლების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვთავაზობს.
ჩვენ პირველები ვართ! დიახ, პირველები! -და ეს ძალიან გვახარებს!
ასეც იყო ახლა...28 აპრილიდან - 2 მაისის ჩათვლით პროგრამას წყალტუბომ უმასპინძლა. 192 პედაგოგი, 8 ტრენერი და ხელმძღვანელობა 3 დღის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ახალი ტრენინგ მოდულის: ,,საგაკვეთილო დაკვირვების" განხილვასა და შეფასებაში. უამრავი საინტერესო აზრი იქნა გამოთქმული და გათვალისწინებული; სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო; თემატიკა კი - დროული და ნამდვილად პროფესიულად გადმოცემული და მოწოდებული.
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ამ რეგიონის ღირსშესანიშნაობები - ძველი წყალტუბო, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი სისუფთავითა და სიმშვიდით, გელათის ტაძარი, მოწამეთა, ბაგრატი, სათაფლია და ყველაზე აღმაფრთოვანებელი - პრომეთეს მღვიმე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულს უშვებს ყველა მნახველს.
ამ ხუთი დღის განმავლობაში ურთიერთ აზრების მოსმენისა და პრობლემებზე საუბრის დროს წამოიჭრა აზრი, რომ ჩატარებულიყო კვლევა, რომელიც წინა პლანზე წამოწევდა ყველა იმ ძირითად პრობლემას, რომელსაც პროგრამის მასწავლებლები ვაწყდებით. კვლევაში მინაწილეობა თითქმის ყველა პედაგოგმა და ტრენერმა მიიღო და საბოლოოდ გამოიკვეთა პრობლემათა გარკვეული ჯგუფი, რომელთაგან ნამდვილად გასათვალისწინებელია მცირეკონტიგენტიან სკოლებში განსახორციელებელი სწავლების მეთოდები და აქტივობები. დაიგეგმა გარკვეული ნაბიჯები, შეხვედრები და პრობლემის გადაჭრის გზები, რასაც ორგანიზებას კვლევის სამუშაო ჯგუფი გაუწევს. ეს ყველაფერი კი მოხდა ექსპრონტად, დაუგეგმავად, მაგრამ შედეგად ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ, რასაც სწორედ ამ პროგრამის სამუშაო შუალედურ შეხვედრას უნდა ვუმადლოდეთ.
და ბოლოს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მინდა სიხარულით ავღნიშნო, რომ ყველა ვინც პროგრამა ,,ასწავლე საქართველოს" ფარგლებში სამუშაოდ წასულია საცხოვრებელი სახლიდან ასობით კილომეტრზე და უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევთ უმეტესობას ცხოვრება - არავინ არ წუწუნებს ამაზე! პირიქით, ყველა ჩვენგანს კარგად აქვს გააზრებული ჩვენი წვლილი განათლების საქმეში და სხვა ყველაფერი ამიტომაც გვეჩვენება მეორეხარისხოვნად!
ბედნიერებაა, როდესაც გელოდებიან და სიხარულით ანთებული თვალებით გხვდებიან! ბედნიერებაა, როდესაც გასცემ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ! ბედნიერებაა, როდესაც ამის საშუალება გეძლევა და ამას პირნათლად ასრულებ!
ამიტომ თითოეული ჩვენგანისათვის ეს პროგრამა არის:
- ერთი დიდი ოჯახი, რომლის წევრებსაც უყვართ და სჭირდებათ ერთმანეთი;
- ცოდნის მიღება-დაგროვებისა და კარიერული წინსვლის საუკეთესო წყარო;
- თავისუფლება და სიძლიერე;
- ,,ახალი სამყარო";
- ახალი მეგობრები;
- ახალი ოჯახები;
- თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალება;
- წარმატებული მომავალი;
- ბედნიერი წუთები;
- ახლის ძიება და აღმოჩენა;
- ბევრი სიყვარული და პოზიტივი;
- ბევრი შენარჩუნებული სკოლა და სოფელი;
- ბევრი ,,ვაჟა" და ,,ყაზბეგი"...
და ამისთვის მადლობა პროგრამას!
ჩვენ ვჭირდებით საქართველოს!
ჩვენ ვასწავლით საქართველოს მომავლისთვის!
ნატო, მეამაყება, რომ საქართველოში ასეთი წარმატებით მუშაობს ეს პროგრამა. მიხარია, რომ ასეთი ღირსეული და გულანთებული პედაგოგები უძღვებით ამ კეთილშობილურ საქმეს. საკამათო აღარ არის ის, რომ სწორედ თქვენი წყალობით გადაურჩა საქართველოს ბევრი სოფელი დაცლას. თქვენ საქმით ზრუნავთ საქართველოს გაძლიერებაზე. არასოდეს მოგკლებოდეთ თქვენი საქმიანობით და თქვენი მოსწავლეების წარმატებებით განცდილი სიხარული. თქვენ დღეს საქართველოს ძალიან სჭირდებით. იხარეთ და იბედნიერეთ. ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით.
ReplyDeleteნატო, ძალიან კარგად, ლამაზად თქვი ყველას სათქმელი... რა არ ავიტანეთ ხევსურეთში პირველ წელს, მაგრამ 6 მასწავლებლიდან ერთსაც ვერ იპოვიდი რამეზე რომ დაეწუწუნა, არც არავისთვის გვითქვამს--ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენს მოსწავლეებს მოსწონდათ ჩვენი საქმიანობა... ამაყი ვარ და უდიდეს სიხარულს განვიცდი, როცა დღესაც მეხმაურებიან და თბილად მკითხულობენ! მიხარია, მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის ,,ასწავლე საქართველოსთვის" ერთი რიგითი წევრი ვარ!!!
ReplyDelete